ტერეზა მეი ევროკავშირისგან პატივისცემასა და „ბრექსითის“ ალტერნატიულ გეგმას ელოდება
ტერეზა მეი ევროკავშირისგან პატივისცემასა და „ბრექსითის“ ალტერნატიულ გეგმას ელოდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირისგან დიდი ბრიტანეთის მიმართ პატივისცემას ითხოვს.

დაუნინგ სტრიტზე სპეციალური განცხადების დროს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიუღებელი უწოდა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან მის გეგმაზე უარის თქმას ალტერნატიულის შეთავაზების გარეშე.

„კარგი შეთანხმება ჩემზე მეტად არავის სურს, თუმცა ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა იცოდეს: მე არ გავაუქმებ რეფერენდუმის შედეგებს და არ დავშლი ჩემს ქვეყანას“,  – აღნიშნა ტერეზა მეიმ გამოსვლისას.

ამასთან, ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩიხშია. ჩიხიდან გამოსასვლელად კი, ევროკავშირმა „ბრექსითისთან“ დაკავშირებით ახალი წინადადება უნდა წარადგინოს.

„გუშინ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ჩვენი შეთავაზებები ძირს უთხრის ერთიან ბაზარს. მას არ განუმარტავს, როგორ და არ წარუდგენია კონტრწინადადება. ასე რომ, ჩვენ ჩიხში ვართ“, – განაცხადა მეიმ.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში ის ევროკავშირს პატივისცემით ექცეოდა და ბრიტანეთი იგივეს ელოდება.

„ამ პროცესის მიმდინარეობისას ევროკავშირს მხოლოდ პატივისცემით ვექცეოდი. დიდი ბრიტანეთი ელოდება იგივეს. პროცესის დასრულების შემდეგ კარგი ურთიერთობები სწორედ ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მეიმ.

მისი შეფასებით, მოლაპარაკებების ასეთ გვიან სტადიაზე, მიუღებელია უბრალოდ უარი თქვა მეორე მხარის წინადადებაზე, დეტალური განმარტებისა და ალტერნატიული წინადადების წარდგენის გარეშე.

„ახლა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ევროკავშირისგან, რა არის მათი ალტერნატივა, რათა მისი განხილვა შევძლოთ. მანამდე პროგრესის მიღწევას ვერ შევძლებთ“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

ტერეზა მეიმ ასევე პირობა დადო, რომ დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები დაცული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლონდონი ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის „მკაცრი საზღვრის“ თავიდან აცილება გახდეს შესაძლებელი. თუმცა მან მიუღებელი უწოდა ჩრდილოეთ ირლანდიის ევროპულ საბაჟო კავშირში დარჩენის იდეას.

„ვერ მივიღებთ ისეთ რამეს, რაც ჩვენს ერთიანობას საფრთხეს უქმნის“ – აღნიშნა ტერეზა მეიმ.

ევროკავშირის ლიდერებმა „ბრექსითიზე“ ავსტრიაში გამართულ ორდღიან სამიტზე იმსჯელეს, თუმცა შეხვედრაზე ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და ირლანდიის საზღვრის რეგულირების საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.