ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაზე პარლამენტში კენჭისყრის გადადებას თებერვლის ბოლოსთვის გეგმავს
ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაზე პარლამენტში კენჭისყრის გადადებას თებერვლის ბოლოსთვის გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პარლამენტში კენჭისყრის თებერვლის ბოლოსთვის გადადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ კენჭისყრა მომავალ კვირას არ გაიმართება, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რადგან პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაუსრულებია.

გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის მთავრობის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება არ დაამტკიცა. მათ დოკუმენტის გადახედვა მოითხოვეს. თუმცა ევროკავშირი ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებაზე უარს აცხადებს.

დღეს ტერეზა მეი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს. გამოცემა „ტელეგრაფი“ ასევე წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრები ბრექსიტის რვა კვირით გადადების საკითხსაც განიხილავენ.