ტერეზა მეი - ჩემ მიმართ უნდობლობის გამოცხადებისთვის დაგეგმილ კენჭისყრაზე ყველა საშუალებით ვიბრძოლებ
ტერეზა მეი - ჩემ მიმართ უნდობლობის გამოცხადებისთვის დაგეგმილ კენჭისყრაზე ყველა საშუალებით ვიბრძოლებ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მის მიმართ უნდობლობის გამოცხადებისთვის დაგეგმილ კენჭისყრას ეხმაურება და აცხადებს, რომ კენჭისყრაზე ყველა საშუალებით იბრძოლებს.

„ბატონმა გრეჰემ ბრედიმ დაადასტურა, რომ მას აქვს 48 წერილი კონსერვატიული პარტიის დეპუტატებისგან, ასე რომ ჩემს ლიდერობასთან დაკავშირებით უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა შედგება. ვიბრძოლებ ამ კენჭისყრაზე ყველა საშუალებით. 40 წელია კონსერვატიული პარტიის წევრი ვარ. ვიყავი აქტივისტი, კანცლერი, პარლამენტის წევრი, ჩრდილოვანი მინისტრი, საშინაო უსაფრთხოების მდივანი და ახლა პრემიერ-მინისტრი. გავხდი ლიდერი, რადგან უკეთესი მომავლისთვის კონსერვატიული ხედვის მჯერა. კონსერვატიული პარტიის ლიდერის ცვლილება ახლა ჩვენი ქვეყნის მომავალს რისკისა და გაურკვევლობის ქვეშ დააყენებს“ – განაცხადა ტერეზა მეიმ.

პრემიერის თქმით, ის დღეს საღამოს დუბლინში გეგმავდა გამგზავრებას, თუმცა კენჭისყრის გამო, ვიზიტს აუქმებს. ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ მისი გადაყენების შემთხვევაში, ახალი ლიდერი მისი ადგილის დაკავებას 21 იანვრამდე ვერ შეძლებს, თარიღამდე, როდესაც თემთა პალატამ ბრექსიტთან მიღწეულ შეთანხმებას უნდა უყაროს კენჭი.

კენჭისყრა კონსერვატიული პარტიის კომიტეტში ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი. მანამდე კი, პრემიერ-მინისტრი თემთა პალატაში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.