ტერეზა მეი ბრიტანეთის საზოგადოებას ბრექსიტის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას სთხოვს
ტერეზა მეი ბრიტანეთის საზოგადოებას ბრექსიტის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას სთხოვს

ტერეზა მეი ბრიტანეთის საზოგადოებას ბრექსიტის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას სთხოვს. გაერთიანებული სამეფოს ღია წერილში ნათქვამია, რომ ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმა დიდ ბრიტანეთს „ნათელ მომავალს“ განსაზღვრავს და „ქვეყანას ხელახლა გააერთიანებს“.

ბრექსიტის სამოქმედო გეგმის დეტალებს დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ. დღესვე უნდა გადაწყდეს, დაუჭერენ თუ არა მხარს ტერეზა მეის წინადადებას მისი ევროპელი კოლეგები.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა ბრექსიტის გეგმა დაამტკიცონ.

როგორც ცნობილია, ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც შეთანხმების მხარდაჭერაზე უარს ამბობდა ესპანეთი იყო. მადრიდსა და ლონდონს შორის დავის საგანი გიბრალტარის საკითხი იყო, თუმცა ბოლო მომენტში შეთანხმება შედგა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში ჩავა.

მას შემდეგ, რაც ბრექსიტის გეგმას ევროკავშირი დაამტკიცებს, 585 გვერდიანი დოკუმენტი ლონდონში დაბრუნდება, სადაც მას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უყრიან კენჭს. ბევრი დეპუტატი, მათ შორის მმართველი პარტიის წევრები, გეგმის წინააღმდეგ გამოდიან.