ტერეზა მეი - ბრექსიტის გახანგრძლივება ევროკავშირთან შეთანხმებას არ გააიოლებს
ტერეზა მეი - ბრექსიტის გახანგრძლივება ევროკავშირთან შეთანხმებას არ გააიოლებს

ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულების განმეორებით დაბლოკვის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტს შეთანხმების გარეშე გასვლის კენჭისყრას შესთავაზებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტერეზა მეის თქმით, მთავრობას ევროკავშირის 50-ე მუხლის მოქმედების და ე.წ. ბრექსიტის გახანგრძლივება არ სურს, რადგან მსგავსი ნაბიჯი შეთანხმებას არ გააიოლებს. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ევროკავშირთან მიღწეული ხელშეკრულების დაბლოკვა იქნება ღალატი ქვეყნის მოსახლეობის, რომელმაც 2016 წელს რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

ტერეზა მეიმ დეპუტატებს პირობა მისცა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებაზე სრულფასოვანი კენჭისყრა 12 მარტამდე ჩატარდება.

თუ პარლამენტი მთავრობის გეგმას მხარს არ დაუჭერს, მთავრობა პარლამენტს ორ კენჭისყრას შესთავაზებს: თუ 13 მარტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ  ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას, ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს, შეთანხმების გარეშე დატოვებს. წინააღმდეგ  შემთხვევაში კი, დეპუტატები მომდევნო დღეებში კენჭს უყრიან 50-ე მუხლის მოქმედების გახანგრძლივებისა და გასვლის პროცესის გადადებას.