ტერეზა მეი აცხადებს, რომ რუს დიპლომატებს 25 ქვეყანა აძევებს
ტერეზა მეი აცხადებს, რომ რუს დიპლომატებს 25 ქვეყანა აძევებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ამ დროისთვის რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 25-მა ქვეყანამ გამოთქვა. პარლამენტში შეხვედრისას, ბრიტანეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა ნატო-ს გადაწვეტილების შესახებ, ალიანსში რუსეთის მისიის მუდმივი წარმომადგენლობიდან შვიდი თანამშრომლის გაძევების თაობაზე.

ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მთავრობებმა, მათთან ერთად კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ 4 მარტს რუსი ორმაგი აგენტისა და მისი ქალიშვილის სოლსბერიში ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო რუსეთის დასჯა მათი დიპლომატების გაძევების გზით გადაწყვიტეს. ამ დროისათვის ჯამში 100-ზე მეტი დიპლომატია გაძევებული.

მოსკოვი სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

მეიმ ასევე ისაუბრა Facebook-იდან პერსონალური მონაცემების გაჟონვის შესახებ მიმდინარე სკანდალზე და იმედი გამოთქვა, რომ მარკ ცუკერბერგი გააცნობიერებს მათი შეშფოთების საფუძველს და ბრიტანეთის პარლამენტში კომიტეტის წინაშე წარდგება.

მანამდე ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ მათ თავად ცუკერბერგთან სურდათ შეხვედრა. მათი განცხადება Facebook-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე კომპანიის სხვა აღმასრულებელი დირექტორი წარდგებოდა.