„ტერაბანკში“, „ლიბერთი ბანკსა“ და „ბაზისბანკში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში იმოქმედებენ
„ტერაბანკში“, „ლიბერთი ბანკსა“ და „ბაზისბანკში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში იმოქმედებენ

„ტერაბანკში“, „ლიბერთი ბანკსა“ და „ბაზისბანკში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში იმოქმედებენ.

„ტერაბანკი“ საქმიანობას გააგრძელებს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს „ტერაბანკში“.

ამასთან, როგორც „ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, ბანკი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სანქციებთან, ამავდროულად, ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებს.

„„ლიბერთი ბანკი“ სრულ შესაბამისობაშია და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, რომლებიც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას მოიცავს. „ლიბერთი ბანკი“ ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას, ამავდროულად, „ლიბერთი ბანკს“ აქვს რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას“, – განაცხადეს „ლიბერთი ბანკში“.

რაც შეეხება „ბაზისბანკის“ პოზიციას, ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნებიან.

„„ბაზისბანკი“, წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას გულისხმობს. „ბაზისბანკი“ იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს „ბაზისბანკში“.

ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა კიდევ რამდენიმე კომერციულმა ბანკმა. როგორც „საქართველოს ბანკში“ განაცხადეს, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას გააგრძელებენ. ასევე, „თიბისი ბანკის“ განცხადებით, დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებენ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.