ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებული 20 სტარტაპერიდან, თითოეული 100 000 ლარს მიიღებს
ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებული 20 სტარტაპერიდან, თითოეული 100 000 ლარს მიიღებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ იყო დაკომპლექტებული.

ე​​კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ლაშა მიქავას განცხადებით, სახელმწიფოს დახმარება და აღნიშნულ პროცესში მსოფლიო ბანკის მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ქართული სტარტაპებისთვის, ისე სამომავლოდ ინოვაციური კულტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და და ინოვაციური საქართველოს შენებისთვის.

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი გუშინ გაიმართა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 135 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 40 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.