ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი დათო გურგენიძე.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, კვლევებისა და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენელი ირაკლი გოგუაძე აცხადებს, რომ დავით გურგენიძე არის სამჯერ ნასამართლევი და გაყალბებული აქვს რეზიუმე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არის სამჯერ ნასამართლევი უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა უკანონოდ იარაღის შეძენა, არასრულწლოვანი ბავშვების მამასთან ერთად გატაცება იარაღის მუქარით და თაღლითობა. ამის შემდგომ კვლევებით აღმოვაჩინეთ, რომ სივში არის სერიოზული დარღვევები, რადგან მისი ნასამართლეობის პერიოდი ემთხვევა მის სხვადასხვა თანამდებობებზე მოღვაწეობას რეზიუმეს მიხედვით, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს რომ სივი გაყალბებულია“, – განაცხადა გოგუაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დათო გურგენიძე აქციის მონაწილეების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მისი რეზიუმე გაყალბებულია.

„ჩემი სივი არის ოფიციალურად ხელმისაწვდომი, პასუხისმგებელი ვარ ყოველ პუნქტზე. რაც შეეხება ჩემს ნასამართლეობებს, მე ორ შემთხვევაში ვარ გამართლებული, მესამე შემთხვევაზე, რასაც ისინი ასახელებენ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიდის მოკვლევა, საგამოძიებო მოქმედებები ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი პარტნიორების მიმართ 2007-2009 წლებში ჩადენილი რეპრესიებისა და ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. რამდენიმე მუხლში უკვე გამართლებული ვარ. ერთ-ერთ მუხლზე მიდის მოკვლევა. რუსეთთან დაკავშირებული საქმის ერთ ნაწილში არის გამართლება თავიდან ბოლომდე. ეს არის 90-იანი წლები. რაც შეეხება 2009 წლის მუხლებს, რომლებიც ეხებოდა თაღლითობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლას, მე ვარ გამართლებული. რაც შეეხება 2007 წლის ფაქტს, ვითომ, მე და ჩემმა მეგობარმა ვინმე მოვიტაცეთ, ამაზე მიდის გამოძიება. არიან დაკითხული მოწმეები. გამოძიება მიდის ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. ჩემი განცხადების საფუძველზე მიდის თუ ვინ და როგორ ჩაიდინა ეს რეპრესიები და ბოროტება. ეს ჩემთვის ცნობილია, ჩემი ოჯახისთვის ცნობილია, მაგრამ ამას უნდა კანონის შესაბამისად დადგენა და პასუხისგება იმ პირების მიერ, ვინც მოიგონა ეს, ვინ დაავალა და ვინ შეასრულა. ყოფილი ხელისუფლების დროს 2005-2006 წლებში, შეიძლება უფრო ადრე 2004 წლიდან, ტექნიკურ უნივერსისტეტის ძალიან ბევრი ქონება ყოფილმა პრეზიდენტმა ძალიან სიმბოლურ ფასად გადასცა თავის დედას, რაზეც ჩამოყალიბდა შემდეგ ეს უნივერსიტეტი. პროფესორმა კოპალიანმა და ადმინისტრაციამ დაიწყო მოკვლევა, თუ როგორ, რა მეთოდებით და რა თანხით მოხდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების ქონების უკანონოდ გაცემა“, – განაცხადა გურგენიძემ.

დატოვე კომენტარი