ტექნიკური უნივერსიტეტი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
ტექნიკური უნივერსიტეტი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საპროკურორო საბჭოსთვის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და წარსადგენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და შესაბამისი დადგენილება მიიღო.

„სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 15 იანვრის #01-05-04/11 დადგენილების თანახმად, საპროკურორო საბჭოს გენპროკურორობის კანდიდატად წარუდგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ მიწვეული ასოცირებული პროფესორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა“, – აცხადებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მათივე ცნობით, კანდიდატურების წარდგენას წინ უძღოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან საქართველოს გენერალური პროკურორის შერჩევისთვის განსაზღვრული ერთთვიანი კონსულტაციების პროცესი.

„კონსულტაციები „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს განკარგულებით, 2019 წლის 17 დეკემბერიდან დაიწყო.

კანონის შესაბამისად, ერთთვიან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბა აკადემიური საბჭო, რომელმაც საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით იმსჯელა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე დღეს კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.