ტექნიკური პრობლემის გამო, მეორე დღეა, დიდ ბრიტანეთში ავიამიმოსვლა შეფერხებულია
ტექნიკური პრობლემის გამო, მეორე დღეა, დიდ ბრიტანეთში ავიამიმოსვლა შეფერხებულია.
Flightradar24-ის მონაცემებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში დაახლოებით 1 300 რეისი გაუქმდა, ხოლო დღეს დილით „ჰითროუსა“ და „გეთვიკში“ კიდევ 279 რეისის გაუქმება დაფიქსირდა.
მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში გამგზავრებამდე საკუთარ ავიაკომპანიასთან გადაამოწმონ რეისის სტატუსი და აეროპორტისკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემართონ, თუ ფრენის შესრულება დადასტურებულია.
„ჰითროუში“ მგზავრების დასახმარებლად ტერმინალებში დამატებითი პერსონალი გამოიყვანეს. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ეროვნულ უწყებებსა და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობენ, რათა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საჰაერო მოძრაობის მართვის ბრიტანული კომპანიის, NATS-ის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ როლფი დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრს, ჰეიდი ალექსანდერს შეხვდება.
NATS-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი კიბერთავდასხმა არ ყოფილა. მისი თქმით, შეფერხება კომპანიის ფრენების მონაცემების დამუშავების სისტემაში წარმოქმნილმა პრობლემამ გამოიწვია.