ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება
ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება. შემოწმებას ის მსუბუქი ავტომობილებიც გაივლიან, რომლის ძრავის მოცულობაც 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია.

ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მფლობელებს ეტაპობრივად შეეხება და ეს ავტომობილის რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული.

მაგალითად: თუ მსუბუქი ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი 2013 წლის 28 ოქტომბერია, სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება 2019 წლის 28 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს.

ოთხ წლამდე ავტომობილებს ტექდათვალიერება არ მოეთხოვებათ, 4-დან 8 წლამდე მანქანები შემოწმებას  ორ წელიწადში ერთხელ გაივლიან. რვა წლის და უფრო ძველი ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ყოველწლიურად დაექვემდებარებიან.

ტესტირების ცენტრში პირველ რიგში მოწმდება ავტომობილი ვიზუალურად. შემდეგ ფარები, გამონაბოლქვი, საჭის მექანიზმი და ელექტრომოწყობილობა. ინსპექტირება უტარდება ავტომობილის საბურავებს, სამუხრუჭე სისტემას და სავალ ნაწილს.

ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარია. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლმა ხარვეზი ერთ თვეში უნდა გამოასწოროს. განმეორებითი შემოწმება იგივე ტესტირების ცენტრში უფასოა. თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირისთვის კი სანქცია 200 ლარით განისაზღვრა. კომპანიასთან ერთად მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

კანონდამრღვევებს საპატრულო ეკიპაჟი სპეციალური ელექტრონული ბაზის საშუალებით გამოავლენს. ეკონომიკის სამინისტრო ეფექტიანი აღსრულების მიზნით ტესტირების ცენტრების ზედამხედველობასაც გაამკაცრებს. თუ აქამდე ცენტრების შემოწმება მხოლოდ მიმართვის საფუძველზე ხდებოდა, მომავალი წლიდან მონიტორინგის ჯგუფი მათ საქმიანობას ლაივ კამერების საშუალებით, 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს.

მარჯვენასაჭიან ავტომობილებს დამატებით მოეთხოვებათ, მოახდინონ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება, რათა არ შეუშალონ ხელი შემხვედრ ავტომობილებს. ამავე დროს, ინსპექტირების დაწყებიდან, 2018 წლის 1 იანვრიდან საჭის გადატანა იკრძალება.

ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. სავალდებულო ინსპექტირება თავდაპირველად შეეხო მიკროავტობუსებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებს. პირველი ივლისიდან კი სავალდებულო ინსპექტირება კომპანიების ან სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებისთვის გახდა. ოქტომბრიდან მხოლოდ იმ მსუბუქ ავტომობილებზე გავრცელდა, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათასი კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას. მსურველს მისთვის სასურველ ტესტირების ცენტრს შეუძლია მიმართოს. სულ საქართველოს მასშტაბით 40 ტესტირების ცენტრია. ამას დაემატება 26 და 3 მობილური ცენტრი.

ტექნიკური შემოწმების გავლისთვის ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებგვერდის www.pti.ge-სსაშუალებით. მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი, დრო და სასურველი ტესტირების ცენტრი.

ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1484 და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.