ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გიორგი გეჯაძე უხელმძღვანელებს
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გიორგი გეჯაძე უხელმძღვანელებს

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად გიორგი გეჯაძე დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. წარდგენას ასევე დაესწრო კურატორი მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ყველა თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მათ, ვინც როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე ახლაც ახორციელებენ ეკონომიკური სუბიექტების უსაფრთხოების მონიტორინგს და ახდენენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად კომპანიების ინსპექტირებას, თუ რამდენად ასრულებს ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ გაიდლაინებს.

ნათია თურნავას განცხადებით, სააგენტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატებით იქნება დაძლეული სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გეჯაძე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.