ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დავით გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დავით გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დღეიდან დავით გიგინეიშვილი ჩაუდგება სათავეში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს მინისტრმა, ნათია თურნავამ წარუდგინა.

დავით გიგინეიშვილი მანამდე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და სამშენებლო პოლიტიკის მიმართულებას კურირებდა.

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უმნიშვნელოვანესი საჯარო უწყებაა. მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია მთელი რიგი რეფორმების სრულფასოვანი განხორციელება, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვატარებთ. სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ მენეჯერთან ერთად ისინი წარმატებით დაძლევენ ახალ გამოწვევებს და ჩვენი დახმარებით, სააგენტოს თანამედროვე დასავლური ტიპის მარეგულირებელ უწყებად გარდაქმნიან, სადაც გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ მიიღება, ხოლო მისი განხორციელება გაცილებით ეფექტური იქნება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

სააგენტოში ნათია თურნავა გაეცნო პრეზენტაციას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

დავით გიგინეიშვილის წინამორბედი გრიგოლ კაკაურიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 30 მაისს გაათავისუფლა. მიზეზი კაკაურიძის ბრძანება გახდა, რომლის ფარგლებშიც სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კაკაურიძემ ბრძანება მისი და მთავრობის მოქმედი გუნდის სხვა წევრების ინფორმირების გარეშე, დარღვევებით გასცა და ინვესტორი მშენებლობას იმ მიწაზე აპირებდა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და თავის მხრივ, ამის შესახებ არც „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” იყო ინფორმირებული.

როგორც მინისტრმა მაშინ განმარტა, ის დოკუმენტი, რაც ფოთში ღრმაწლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიიღო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დარღვევებით გაიცა.