ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - ჩვენი სპეციალისტების ჯგუფი ტყიბულში მომხდარ ინციდენტს ადგილზე შეისწავლის
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - ჩვენი სპეციალისტების ჯგუფი ტყიბულში მომხდარ ინციდენტს ადგილზე შეისწავლის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი ტყიბულში მომხდარ ინციდენტს ადგილზე შეისწავლის.

„ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად.

სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ორი დღეა, სამუშაოები შეწყვეტილია. მეშახტეების თქმით, ორი დღის წინ შახტაში გაიჭედა ლიფტი და ისინი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაჭედილი იყვნენ. ამასთან, მეშახტეებს ხელფასების მატებასთან და პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოთხოვნები აქვთ.