ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობითა და აკრედიტაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა 21 მაისამდე შეუძლიათ
ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობითა და აკრედიტაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა 21 მაისამდე შეუძლიათ

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნა-მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარდგენის ვადებმა გადაიწია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინსპექტირების ცენტრის შექმნა-მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების მიზნით, სამინისტროში დაინტერესებული პირების მიერ განაცხადების წარდგენის ვადამ 2018 წლის 14 მაისის ნაცვლად, 21 მაისამდე გადაიწია.

ასევე, შეიცვალა აკრედიტაციის ცენტრში განაცხადის შეტანის ვადაც – 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 20 სექტემბრამდე. შერჩევის პროცესში გამარჯვებულმა პირმა ან პირებმა კი, აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნა-მოწყობა და აკრედიტაციის მიღება არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (ნაცვლად 2018 წლის 1 ნოემბრისა) უნდა უზრუნველყონ.

საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ეტაპობრივად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან  ექვემდებარებიან

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მთლიანი საავტომობილო პარკის ინსპექტირების დაწყებისთვის აუცილებელია, არსებული ინსპექტირების ცენტრების მობილიზება და ხელსაყრელი პირობების შექმნა ახალი ცენტრების მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებისთვის, იმ რეგიონებში, რომლებშიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის მიწოდების შეფერხების რისკები არსებობს.

წინადადებების წარდგენაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ან კომპანიების ჯგუფებს – კონსორციუმებს, რათა გამოხატონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების სურვილი დადგენილი მაჩვენებლების მიხედვით.