ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა
ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა

ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში მიაწოდეს.

უწყების ცნობით, მძღოლზე სანქცია 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი.

„2555 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რომლებიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება”, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისიტროში.

პირველ ეტაპზე, ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან კი ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი იწყება. შემოწმება სავალდებულო გახდება სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარება დიდი მოცულობის 3.0 და ზემოთ ძრავის მქონე ავტომობილები.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.