ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე 1295 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა
ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 1295 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა. სანქცია 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი.
ჯარიმა მხოლოდ მას შემდეგ მოქმედებს, თუ მძღოლი ტექნიკური შემოწმების გავლის დროს გამოვლენილ დარღვევას ერთი თვეში არ გამოასწორებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევა) შედგენილია 1295 (ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) საჯარიმო ქვითარი”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
1295 დაჯარიმებულიდან, რამდენი მოდის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამაზე სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემები აისახება სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მათი დიფერენცირება სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით არ ხორციელდება.
ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმებულია 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან 3 964 -მა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. გატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ავტობუსი იყო 6450- ხარვეზები აღმოაჩნდა 1688. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სულ ინსპექტირება გაიარა 159-მა და მათგან 90-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.
მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექნიკური შემოწმების გავლა 60 ლარია, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარი.
ტექდათვალიერება ყველა სატრანსპორტო საშუალებას 2019 წლიდან შეეხება.