თეონა კუჭავა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმაზე UNICEF-მა არაერთი რეკომენდაცია გასცა
თეონა კუჭავა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმაზე UNICEF-მა არაერთი რეკომენდაცია გასცა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის დაწყების დღიდან UNICEF-ი პროცესში აქტიურად იყო ჩართული და პარტნიორებს არა ერთი რეკომენდაცია მიაწოდა, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა, თეონა კუჭავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძირითადი რეკომენდაცია, პირველ რიგში, საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას ეხებოდა. უნდა შექმნილიყო ცალკე საკანონმდებლო აქტი, რომელიც დღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სახით გვაქვს და, რომელიც უდაოდ პროგრესული დოკუმენტია. გარდა ამისა, ჩვენი რეკომენდაციები განრიდებისა და სხვადასხვა ეტაპზე ინდივიდუალური შეფასების მექანიზმის შექმნას ეხებოდა. გვქონდა რეკომენდაცია ასევე სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვასთან დაკავშირებით, როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სხვა“, – განაცხადა კუჭავამ. 

მისი თქმით, დანაშაულის პრევენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს სცდება.

„ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც ძალიან ბევრი უწყების კოორდინირებულ მუშაობასა და ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. წამყვანი როლი აქვს განათლების, სოციალური დაცვის და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების სფეროს წარმომადგენლებიც, რადგან მათ პრობლემის იდენტიფიცირება უნდა შეძლონ.

პრევენციის მექანიზმი, პირველ რიგში, პრობლემის დროულ იდენტიფიცირებაზერეაგირებასა და პრობლემის დროულ მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული. უნდა არსებობდეს კარგად გაწერილი პროცედურები, იდენტიფიცირების კრიტერიუმები, რეფერალური, ანუ გადამისამართების მექანიზმი და რაც მთავარია, უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც ოჯახებთან, ბავშვებთან მუშაობას მოიცავს“, – განაცხადა თეონა კუჭავამ.