თეონა აქუბარდია - ვაშაძესთან გაერთიანება არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების შესაძლებლობა, ვფიქრობ, შემოდგომიდან გადაადგილებები უფრო საინტერესო იქნება
თეონა აქუბარდია - ვაშაძესთან გაერთიანება არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების შესაძლებლობა, ვფიქრობ, შემოდგომიდან გადაადგილებები უფრო საინტერესო იქნება

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გიორგი ვაშაძის გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების შესაძლებლობაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

აქუბარდია ფიქრობს, რომ ეს პროცესების დასაწყისია და შემოდგომიდან გადაადგილებები კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

„5%-იანი ბარიერის პირობებში სრულიად ბუნებრივია, რომ პატარა პარტიები გამსხვილებას ახდენენ ისეთ პარტიებთან, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ. გიორგი ვაშაძის გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების შესაძლებლობა. ასევე სრულიად ბუნებრივია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები არ აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას, რამდენადაც ამომრჩეველი, რომელიც არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის, საჭიროებს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც გაჰყვება და მიიღებს იმ ალტერნატიულ ხედვას, რაც უნდა იყოს ქვეყნისთვის აუცილებელი, წინაპირობა იმისა, რომ კოალიციური მმართველობით შეიცვალოს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ეს პროცესები დასაწყისია. ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება პოლიტიკურ სპექტრში შემოდგომიდან გადაადგილებები. ეს იქნება შესაძლებლობა იმისთვის, რომ 2024 არჩევნებზე მოსახლეობამ დაინახოს ძალა ოპოზიციაში, ენდოს მის ხედვას და ამით შეიცვალოს ხელისუფლება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.