თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ შეისმენა საკუთარი ხალხის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ეს ძვირად დაუჯდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას
თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ შეისმენა საკუთარი ხალხის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ეს ძვირად დაუჯდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის შემოტანის პირველ ცდაზე როდესაც ნახა საკუთარი მოსახლეობის რეაქცია და შემდეგ ეს კანონი შემოაბრუნა, შეგნებულ პროვოკაციაზე წავიდა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ღიად დაანონსებული კურსის ცვლასთან გვაქვს საქმე.

„იმ რისკებისა და საფრთხეების გაუთვალისწინებლობა, რომელიც ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ კანონს მოყვებოდა, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აქ არანაირ გამჭვირვალობასთან საქმე არ არის. უბრალოდ, ღიად დაანონსებული კურსის ცვლაა. ე.წ. ტიტუშკების მიგზავნა მომიტინგეებისთვის, როდესაც აქამდე არცერთი განცხადება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ მოხდება გამოძიება, ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. ყველანაირი კადრები არსებობს როგორც მანქანის ნომრის, ასევე სახეების. ჩვენი მეგობარი დასავლეთის ქვეყნები როდესაც მოგვიწოდებენ, არ მოხდეს არაპროპორციული ძალის გადამეტება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ ასეთ მძიმე ფაქტებს, კიდევ ერთი განაცხადია, რომ საქართველოში დემოკრატია სრულდება და ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს ივანიშვილი ქვეყანას. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ უფრო მკაფიოს ხდის, რომ „ქართული ოცნება“ არათუ სტრატეგიულ პარტნიორობას არყევს ამერიკასთან და ნატო-ს გაწევრიანებას უქმნის საფრთხეს, არამედ ღიად ეუბნებიან, რომ თქვენი ანტიდასავლური რიტორიკაც არის მავნე და სანქციები გარდაუვალი იქნება. შეერთებული შტატების მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ კანონის მიღების შემთხვევაში რეაგირება აუცილებლად მოჰყვება. ვის სჭირდება ეს ყველაფერი და რატომ მიდის „ქართული ოცნება“ ამხელა ვაბანკზე, როდესაც კონსტიტუციური წესრიგიდან გადის, არჩევანს, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, ამას კანონით ცვლის. გაფრთხილებებია იქამდე, სანამ კანონი არ შევა ძალაში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ შეისმინა საკუთარი ხალხის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, დასავლეთის, ეს ძვირად დაუჯდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას. მოცემულობაში, როდესაც, ერთი მხრივ, არის არჩევნები, მეორეს მხრივ, ვართ ოკუპაციის პირობებში და რუსული საფრთხე არსად გამქრალა, არის მხოლოდ ძალაუფლების ავტორიტარული მეთოდებით შენარჩუნების მიზანი, რაც ივანიშვილმა ღიად განაცხადა. აუცილებლად დამარცხდება ნებისმიერი ხელისუფლება საკუთარ ხალხთან ბრძოლაში. ესეც დასრულდება, მაგრამ ქვეყანას და ხალხს, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს“, – განაცხადა აქუბარდიამ.