თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა, რომ ადეიშვილი ყოფილიყო ინტერპოლით ძებნილი და დღეს თავს ესხმის გერმანიას, ეს კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯია
თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა, რომ ადეიშვილი ყოფილიყო ინტერპოლით ძებნილი და დღეს თავს ესხმის გერმანიას, ეს კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯია

„ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლო ყოფილიყო, ადეიშვილი ინტერპოლით ყოფილიყო ძებნილი და დღეს თავს ესხმის გერმანიას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას შეფასებით, ეს კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯია

„„ქართული ოცნება“, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლო ყოფილიყო ქვეყანაში, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლით ყოფილიყო ძებნილი, დღეს თავს ესხმის გერმანიას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გერმანიის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი პრემიერი და მისი გუნდიდან ბევრი სწორედ გერმანიაში ნასწავლი ადამიანია. ეს კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯი და დასავლეთზე იმ პრობლემების გადაბრალების მცდელობაა, რომლებიც მათ შექმნეს, მათ შორის სამართლიან სახელმწიფოს განცდასთან დაკავშირებით. ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით გერმანია არაფერ შუაშია, პირველი დამნაშავეა  „ქართული ოცნება“, რომელმაც ვერ უზრუნველყო, ერთი მხრივ, ინტერპოლით ყოფილიყო ძებნილი, მეორე მხრივ, დასავლეთში საქართველოსთან მიმართებით ყოფილიყო სამართლებრივი სახელმწიფოს განცდა. ბუნებრივია, ახალი არაა ეს მოთხოვნა, დიდი ხანია, ამას ამბობენ, მაგრამ ამ მოცემულობაში ეს კიდევ უფრო წარმოუდგენლად მიმაჩნია. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ჩვენი და უკრაინის მეგობრობის. ეს არა მხოლოდ უკრაინის ბრალია, არამედ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ იმ დამოკიდებულების, რომელმაც ბარიერი გააჩინა საერთო მტერთან მებრძოლ ქვეყანასთან მიმართებით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.