თეონა აქუბარდია - ხელისუფლება ევროპული მომავლის დაზიანებას თუ გააგრძელებს, მოლოდინი არ უნდა იყოს სასარგებლო, რაზეც პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს
თეონა აქუბარდია - ხელისუფლება ევროპული მომავლის დაზიანებას თუ გააგრძელებს, მოლოდინი არ უნდა იყოს სასარგებლო, რაზეც პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს

ხელისუფლება ევროპული მომავლის დაზიანებას თუ გააგრძელებს, მაშინ მოლოდინი არ უნდა იყოს სასარგებლო და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შესაძლებლობები კვლავ აქვს დარჩენილი და ყველაფერი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

„ორი მთავარი კრიტერიუმი გვაქვს, რის შედეგადაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ერთია, 12 რეკომენდაციის შესრულება და მეორეა ევროპული ქცევა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა. 12 რეკომენდაცია როცა არ არის სრულფასოვნად შესრულებული, რასაც უკვე გვეუბნებიან პარტნიორები, განსაკუთრებით პრობლემურია მართლმსაჯულების რეფორმა და, სავარაუდოდ, პრობლემური დარჩება, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერი ლამის კრემლის სახელმძღვანელოთი დადის და იმეორებს იმ ნარატივებს, რასაც პუტინის დაახლოებული პირები იმეორებენ, ისევე, როგორც პროპაგანდისტები, ამ მოცემულობაში რთულია, ვისაუბროთ შესაძლებლობაზე. ხალხმა, 90%-მა აირჩია ევროპა და ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ხალხის არჩევანი უზრუნველყოს საქმით. ჩვენ ოქტომბერში ველოდებით კომისიის შეფასებას, რეფორმები დეტალურად იქნება შეფასებული და შემდეგ ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ხელისუფლება ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას თუ გააგრძელებს, მაშინ მოლოდინი არ უნდა იყოს საქართველოსთვის სასარგებლო და ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“. საქართველოს შესაძლებლობები კვლავ აქვს დარჩენილი და ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, მის პოლიტიკურ ნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნის მოსახლეობის და კონსტიტუციით გამყარებული საგარეო ვექტორის წინააღმდეგ. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ დილა-საღამოს ლანძღავს ევროკავშირს და პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს საქართველოში რეფორმების შეუსრულებლობასთან ერთად, ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ამ მოცემულობაში ერთია თქმა და მეორეა – გაკეთება. საქმე და სიტყვა ერთმანეთთან არ არის პროპორციული, რაც მთავარი პრობლემაა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.