თეონა აქუბარდია - ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის გამოცხადებული ომის ქრონიკას საკუთარი ხალხის მისამართით
თეონა აქუბარდია - ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის გამოცხადებული ომის ქრონიკას საკუთარი ხალხის მისამართით

ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის გამოცხადებული ომის ქრონიკას საკუთარი ხალხის მისამართით და იმ რეპრესიების ტალღას, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებში შევარდნით მთავრდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენაა საჭირო.

„კონსტიტუციური გადატრიალებაა ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის და ევროპული მომავლის კურსის კუთხით. ერთია საინფორმაციო ომი, რომელსაც სახელისუფლებო არხების მეშვეობით საკუთარი ქვეყნის გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ ეწევა ივანიშვილის „ქართული ოცნება“. ამ საინფორმაციო ომს განეიტრალება სჭირდება და დეზინფორმაციას – სტრატეგიული კომუნიკაცია, რაც მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. ისევე როგორც ყველა ერთად ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებებით, მათ შორის, საჯარო მოხელეების კანონიერი უფლებების დასაცავად, როდესაც კალაძე ღიად აცხადებს რეპრესიებს მათ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დაკავებულ მომიტინგეებს სჭირდებათ სამართლებრივი მხარდაჭერა, ისევე როგორც კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელებს დაეკისროთ სანქცია და საქართველოს ევროპული მომავალი იყოს გადარჩენილი. ეს არის პროცესი. პროცესში ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება გამოიკვეთება, მაგრამ ცალსახად ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გაცხადებული ინტერესების შესაბამისად, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დაცვა, არის ჩვენი ბრძოლის განზომილება“, – განაცხადა აქუბარდიამ.