თეონა აქუბარდია - ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში ეწერა, მოვითხოვ, ირაკლი ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა
თეონა აქუბარდია - ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში ეწერა, მოვითხოვ, ირაკლი ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა

ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში ეწერა, ისევე როგორც ზღვარგადასული ქმედება, რომელიც ირაკლი ბერაიამ განახორციელა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს არ შეუძლია ემოციების კონტროლი, ის არის ემოციურად გაუწონასწორებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, მოითხოვს, ირაკლი ბერაიამ დატოვოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

„ერთადერთი, რასაც მოვითხოვ, მან დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. არ ვაპირებ, რომ კომიტეტის მუშაობა ან შევაჩერო, ან მოვერიდო. პირიქით, მე გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. „ქართული ოცნების“ ინტერესი უნდა იყოს, ასეთი დისკრედიტირებული კომიტეტის თავმჯდომარე აღარ ჰყავდეთ. თუ ამ გადაწყვეტილებას პერსონალურად ან უმრავლესობა არ მიიღებს, მათ ხელში შერჩებათ დისკრედიტირებული კომიტეტის თავმჯდომარე. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც ბოდიშს იხდის.