თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე წერილი უკვე გაგზავნილია და მასში არ არის არცერთი ფრაზა, რაზეც სალომე სამადაშვილი საუბრობდა
თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე წერილი უკვე გაგზავნილია და მასში არ არის არცერთი ფრაზა, რაზეც სალომე სამადაშვილი საუბრობდა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმოადგენელი 13 ქალის წერილი არავის არსად მიაქვს, ეს წერილი გავზავნე ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება და 13 ქალი დეპუტატის წერილი პირადად ჩააქვს ბრიუსელში. თეონა აქუბარდიას დღეს კითხვა დაუსვეს, სამადაშვილის ამ გზავნილით ჩასვლა ხელს ხომ არ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. როგორც თეონა აქუბარდიამ განაცხადა: „წერილში არცერთი ასეთი ფრაზა არ არის“.

მისივე თქმით, ამ წერილს აწერს ხელს ყველა პოლიტიკურ ჯგუფი, ისევე როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ქალები.

„თქვენ შეგიძლიათ, წერილი ნახოთ და ამის შესაბამისად იმსჯელოთ. ეს წერილი არავის არსად არ მიაქვს, ეს წერილი ჩემ მიერ იქნება გაგზვანილი როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტის სახელზე, ასევე მის კაბინეტში. ამ წერილს ელოდებიან, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია. თუ განსხვავებული პოზიცია არსებობს, ეს არ არის საერთო პოზიცია. საერთო პოზიციას გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ წერილი. წერილში არის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართვის ფორმა, ისევე როგორც განსხვავებული შინაარსი. შესაბამისად, მიუხედავად განსხვავებული საჯარო პოზიციისა, ამ წერილში არის შეთანხმებული პოზიცია უმნიშვნელოვანეს რამეზე. წერილი მიდის დღესვე. მას შემდეგ, თუ პირადად სურთ წერილის გადაცემა, სადაც ერთობლივი პოზიციაა, მათ ეს შეუძლიათ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

საპარლამენტო ოპოზიციის 13 ქალი დეპუტატი ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავს.