თეოდოროს რუსოპულოსი - მტრული, მანიპულაციური, ხშირად უხილავი უცხოური ჩარევა სერიოზული საფრთხეა, ის ჰყოფს, იწვევს დესტაბილიზაციას
თეოდოროს რუსოპულოსი - მტრული, მანიპულაციური, ხშირად უხილავი უცხოური ჩარევა სერიოზული საფრთხეა, ის ჰყოფს, იწვევს დესტაბილიზაციას

მტრული, მანიპულაციური, ხშირად უხილავი უცხოური ჩარევა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ის ჰყოფს, იწვევს დესტაბილიზაციას, აჩვენებს უნდობლობას. ერთიანობის მისაღწევად, ძალიან უნდა მოვინდომოთ, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რუსოპულოსმა აღნიშნა, საპარლამენტო დიპლომატიას, როდესაც ის ნამდვილია, შეუძლია, გამოავლინოს უცხოური ჩარევა იქამდე, ვიდრე ის შეარყევს დემოკრატიას.

„ორი კვირის წინ ევროპის საბჭომ სტრასბურგში ისტორიული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ შევთანხმდით, შევქმნათ სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ევროპის საბჭოს ასამბლეის დიდი ხნის ინიციატივაა. ეს არა მხოლოდ იურიდიული მექანიზმია, არის მესიჯი, რომ აგრესიას შედეგები უნდა მოჰყვეს. დაუსჯელობა დაუშვებელია. სამართლიანობა არჩევითი არ არის. კანონი ბომბებზე ხმამაღალი უნდა იყოს, თუმცა სამართლიანობა მხოლოდ ტრიბუნალზე არ მიიღწევა. ის იწყება პარლამენტებში. საპარლამენტო დიპლომატიას, როდესაც ის ნამდვილია, შეუძლია, შეამციროს დაძაბულობა კონფლიქტის ესკალაციამდე, გამოავლინოს უცხოური ჩარევა იქამდე, ვიდრე ის შეარყევს დემოკრატიას. მას შეუძლია, დაიცვას კანონის უზენაესობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაირღვევა, არამედ იქამდეც, ვიდრე საფრთხე დაემუქრება. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით ალიანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ვაუმჯობესებთ ადრეული გაფრთხილების სისტემებს, რათა გამოვავლინოთ დემოკრატიული უკუსვლა და უცხოური ჩარევა. ეს სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთისთვის.

მტრული, მანიპულაციური, ხშირად უხილავი უცხოური ჩარევა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ის ყოფს, იწვევს დესტაბილიზაციას, აჩვენებს უნდობლობას. ერთიანობის მისაღწევად ძალიან უნდა მოვინდომოთ. ამ სულისკვეთებით, ჩვენ ვთავაზობთ ურყევ სოლიდარობას მათ ამ რეგიონში და მის მიღმა, ვისაც სჯერა ევროპული პროექტის, არა მხოლოდ იდეის, არამედ როგორც ცოცხალი ღირებულებების სისტემის“, – განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.

მისივე თქმით, ისტორია ასევე გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტი ყოველთვის საკმარისი არ არის აგრესიის წინაშე.

„ის შესაძლოა, გახდეს თანამონაწილე, თუკი არავინ აღუდგება წინ. ვინ დაიცავს უძლურებს დღეს? ჭეშმარიტი მშვიდობა სამართლიანობის გარეშე წარმოუდგენელია. ვიცით, რომ ევროპაში, ისევე როგორც ევროკავშირში ან ევროპის საბჭოში პრობლემები არსებობს. ზოგჯერ ბიუროკრატია იმარჯვებს. ვიცით, მაგრამ რა არის ალტერნატივა? მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობა არაა. ის ასევე არის მდგომარეობა, რომელშიც მოქალაქეები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს არა მხოლოდ ხილული, არამედ უხილავი საფრთხეებისგანაც.

დღეს ერთ-ერთი უხილავი საფრთხე  დაკავშირებულია შესანიშნავ, თუმცა, ამავდროულად, სახიფათო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტთან. გლობალური კონფლიქტების ფონზე ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება, შეიძლება, გახდეს ჩვენი დროის ყველაზე გამანადგურებელი ძალა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული მედეგობა, განსაკუთრებით იქ, სადაც ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს არჩევნებზე, საჯარო დებატებსა თუ უსაფრთხოებაზე და ვუზრუნველვყოთ, რომ კერძო ტექნოლოგიური აქტორები იცავდნენ დემოკრატიულ სტანდარტებს, როდესაც ჩვენ ევროპაში ომის წინაშე ვართ“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.