თეოდორ მელესკანუ - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის გვსურს, ყველანაირი წინააღმდეგობა მოვხსნათ
საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის გვსურს, ყველანაირი წინააღმდეგობა მოვხსნათ, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელესკანუმ განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება, რუმინეთის მთავარი გზავნილი იქნება, კონკრეტულ პროექტებზე გამახვილდეს ყურადღება.
„როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს ორი კატეგორია. ინიციატივის მონაწილე სამ ქვეყანას საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას აქვთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. მათ მიიღეს შეთანხმება მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის თაობაზე. ამ სამ ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ჩვენ გვსურს, მოვხსნათ ყველანაირი წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, შეთანხმების პირობების დაცვის გათვალისწინებით. ჩვენ გვყავს ასევე სამი ქვეყანა ბელორუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი. უნდა ვიპოვოთ გზა, თუ როგორ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში, რათა ისინი მალე გახდნენ ასოცირებული წევრები და შეიძლება, წავიდეთ ვიზალიბერალიზაციის გზაზე.
ბრიუსელში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება, რუმინეთის მთავარი გზავნილი იქნება, რომ კონკრეტულ პროექტებზე გავამახვილოთ ყურადღება და გავაუმჯობესოთ კავშირები ევროკავშირის წევრებსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი აგრძელებენ საჭირო და აუცილებელ რეფორმებს“, – აცხადებს თეოდორ მელესკანუ.