თენგო თევზაძე – ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მიღმაა, ვინც იქნება პარტიის თავმჯდომარე, უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ალიანსში შემავალ პარტიებთან ერთად საქმიანობის გაგრძელება

13:54, 31.07.2026

ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მიღმაა. ვინც იქნება პარტიის თავმჯდომარე, თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ალიანსში ყოფნა და ალიანსში შემავალ პარტიებთან ერთად საქმიანობის გაგრძელება, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

თევზაძის თქმით, ალიანსის ფორმატში მსგავსი საკითხები არ განიხილება.

„ალიანსი მრავალი პარტიის გაერთიანებაა, ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად უნდა გადაწყვიტოს. ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრობის, პრეზიდენტობის თუ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ეს მათი არჩევანია. როგორმე თავად გადაწყვეტენ. როდესაც დრო მოვა და სამართლიანი არჩევნები გვექნება, კოალიცია „ცვლილებისთვის“ კოალიციური შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტს, ვინ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ასევე ვინ დაიკავებს სხვა პოლიტიკურ თანამდებობებს. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჩვენ სამართლიან არჩევნებს უნდა მივაღწიოთ. ალიანსის ფორმატში მსგავსი საკითხები არ განიხილება და ალიანსის გადასაწყვეტი არ არის, კონკრეტულ პარტიას ვინ მიაჩნია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად“, – აღნიშნა თევზაძემ.

კითხვაზე, „ალიანსისთვის ღირებულია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა“, თევზაძემ განაცხადა:

„იმ ფორმატში თანამშრომლობა, როგორიც ბოლო პერიოდში გვქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მისაღები არ არის. ამჟამად მათთან თანამშრომლობა არც მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მიღმაა და ალიანსის საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, გვინდა თუ არა კოორდინირებული მუშაობა – დიახ, გვინდა. პარტია „ახალი“ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი და მთავარი კონტრიბუტორია სხვა პარტიებთან ერთად. თუ წესებს დაიცავენ, ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

ამასთან, კითხვაზე, მისაღებია თუ არა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თენგო თევზაძემ აღნიშნა, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ გადასაწყვეტი არ არის, ვის დაასახელებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატად.

„როგორ შეიძლება, სხვა პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ვთქვათ, მისაღებია თუ არა, როდესაც ეს საკითხი შეთანხმებული არ არის? თუ გინდათ, ჩემგან მოისმინოთ, მისაღებია თუ არა სააკაშვილი – ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ვის დაასახელებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატად. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება მაშინ, როდესაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საკითხებია. ამაზე ჩვენ ალიანსში არ გვიმსჯელია და არც იმისთვის შექმნილა ალიანსი, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატზე შეთანხმდეს. ალიანსი შექმნილია ორი მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად – დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“.

მსგავსი