თენგიზ წულაძე - ვფიქრობ, სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს
თენგიზ წულაძე - ვფიქრობ, სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს

პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ბოლო ვიზიტზე ვიყავი 11 იანვარს, კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, არ გაუმჯობესებულა. 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ წულაძემ აღნიშნა, გამოხატულია მხედველობის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო.

„მიხეილ სააკაშვილთან რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ეს ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეფალოპათიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს  ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც.  დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, რომელიც იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა ნევრილოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება“, – განაცხადა ნევროლოგმა.

კითხვაზე, თუ განიხილება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა, თენგიზ წულაძემ აღნიშნა: „ჩვენთვის ეს საკითხი არ არის დასმული. მკურნალობა, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს, ეგ საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს“.

 

დატოვე კომენტარი