თენგიზ შარმანაშვილი - ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელება დაიწყეს, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერაფერიც ვერ წარმოადგინეს, საქართველო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს
ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელება დაიწყეს, თითქოს რაიმე ირღვეოდა. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერაფერიც ვერ წარმოადგინეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.
„საქართველომ ვალდებულებები თავის დროზე აიღო და პირნათლადაც ვასრულებთ. საქართველოში მილიონი კომისია ჩამოვიდა, ქვეყანა შეამოწმეს და ევროკავშირიდან ოფიციალური მადლობაც კი გადაგვიხადეს. კიდევ ერთხელ მოხდა იმის დადასტურება, რომ იმ ვალდებულებების ერთგული ვართ, რომელიც ჩვენს თავზე ავიღეთ. მათ დაიწყეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება, თითქოს რამე ირღვეოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერაფერიც ვერ წარმოადგინეს. ევროკომისიის პრესსპიკერმა გამაოგნებელი განცხადება გააკეთა და თქვა, მგონი, ასე უნდა ყოფილიყოო. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ევრობიუროკრატიას თავად აკომპლექტებენ და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.