თენგიზ შარმანაშვილი - ვნახეთ, ოპოზიციისგან ეუთო/ოდირ-ის წინააღმდეგ რა ბულინგი იყო, ასმაგი იქნება ზეწოლა, მაგრამ ორგანიზაციის მოწვევა სწორი გადაწყვეტილებაა, არაფერი დასამალი არ გვაქვს
ეუთო/ოდირ-ის მოწვევა სწორი გადაწყვეტილებაა. ასმაგი იქნება ზეწოლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ, რადგან არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, საზოგადოებამ ნახა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორგანიზაციის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან რა სახის ბულინგი იყო, როცა დასკვნა არ მოეწონათ.
„ეუთო/ოდირ-ის მოწვევა სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ფანტასტიკური ზეწოლა იქნება. საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის მხრიდან ითქვა, რომ რასაც ეუთო/ოდირ-ი იტყოდა, დაადასტურებდნენ, მაგრამ დასკვნა არ მოეწონათ და ნახეთ, ორგანიზაციის წინააღმდეგ რა სახის ბულინგი იყო. ზეწოლა ასმაგი იქნება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ, რადგან არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს. ორგანიზაციისგან ვითხოვთ ერთს, აღქმები არ იყოს, დარღვევებზე საუბრისას მტკიცებულებები მოიტანონ. მათი მოწვევის მიზანია, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. ჯობს, არჩევნებზე კიდევ ერთი თვალი იყოს. თვითმმართველობის არჩევნებს უმაღლესს დონეზე ჩავატარებთ და ვინმეს რამე პრეტენზია თუ ექნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში განვიხილავთ, თუ მტკიცებულებები იქნება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.