თენგიზ შარმანაშვილი – ვინმე თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ საქართველო ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს, მისი პრობლემაა, ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, საქართველო არავის ჭკუაზე გაივლის

12:30, 07.07.2026

ჯო უილსონი მომართულია იმისკენ, რომ რეზოლუციის პროექტები ყალბ ნარატივებზე დააფუძნოს. უილსონზე მეტ კომენტარს არასოდეს გავაკეთებ, რადგან არასერიოზული ადამიანია, მან საქართველოს ბევრი ცუდი გაუკეთა. ყველამ კარგად იცის და FARA-ს დოკუმენტებიდანაც ჩანს, ვის ლობირებს და რის სანაცვლოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, მათი პატიმრობიდან გათავისუფლება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება და არა ვინმეს ზეწოლის საფუძველზე. ვინმე თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ საქართველო ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს მისი პრობლემაა. ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, საქართველო არავის ჭკუაზე არ გაივლის. ნათლად ვთქვით, რომ სახელმწიფო ჰუმანური ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის, მაგრამ ეს გარკვეულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. არ შეიძლება, სახელმწიფოს მიმართო და თქვა, არალეგიტიმურად მიგაჩნია და ახალ რევოლუციას მოამზადებ, ამის შემდეგ კი, ისევ ჰუმანურ ნაბიჯს ელოდე. ეს ყველაფერი არალოგიკურია. ჯო უილსონის ზეწოლები არავის გაათავისუფლებს. ეუთო-მ პირველად თქვა, არჩევნებზე გაყალბება იყოო. რამდენი წელი დასჭირდა? – ორწელიწად-ნახევარი. ეს დრო დასჭირდათ, რომ მიმხვდარიყვნენ, გაყალბება იყო? – მათ დამკვირვებლებს შენიშვნები ჰქონდათ, მაგრამ უარესს გაჩვენებთ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე. რაც მთავარია, მათი მხრიდან ითქვა, რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები იყო და ჩატარებულად ითვლება. თურმე ახლა გონება გაუნათდათ და რაღაც გაყალბები ყოფილა. აქედანაც ჩანს, რომ რეზოლუციები ცრუ ნარატივებზეა აგებული, მას ყურადღებას არ ვაქცევთ და აღარც მივაქცევთ. ჩვენი რადიკალები არაფრის გამკეთებლები არიან და მათი ნატვრაა, იქნებ, უცხოელმა ბიძიებმა ხელისუფლება დაუმხონ და შემდეგ უთხრან, მართალია, თქვენ ქართველი ხალხი მხარს არ გიჭერთ და არაფრის გაკეთება იცით, მაგრამ მობრძანდით, დაბრძანდითო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. 

მსგავსი