თენგიზ შარმანაშვილი - თინა ხიდაშელი გუშინწინდელ ნათქვამზე ამბობს, არ მითქვამსო, ტუტანჰამონის დროინდელ საკითხებზე კი არ ვსაუბრობთ, ან ასე იყო, ან ისე
თენგიზ შარმანაშვილი - თინა ხიდაშელი გუშინწინდელ ნათქვამზე ამბობს, არ მითქვამსო, ტუტანჰამონის დროინდელ საკითხებზე კი არ ვსაუბრობთ, ან ასე იყო, ან ისე

თინა ხიდაშელმა და სხვებმა რაც გააკეთეს, პირდაპირ დარტყმები იყო საქართველოს წინააღმდეგ. რაც უბრძანეს, ის ნაბიჯები გადადგეს, ეს არის დიდი ტრაგედია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „რაც დაავალეს, ის თქვეს და ახლა ვითარებიდან გამოძრომას ცდილობენ“.

„გლობალურ ომის პარტიაზე როცა ვსაუბრობდით, ქირქილებდნენ, ასეთი რამე არ არსებობსო. ეს ადამიანები თავიანთ ჩანაფიქრებს ყოველდღე ყიდიან. ის, რაც თინა ხიდაშელმა და სხვებმა გააკეთეს, პირდაპირ დარტყმები იყო საქართველოს წინააღმდეგ ამ ომის ქარცეცხლში. გამოუცდელები არ არიან, რომ ეს ყველაფერი გამოცდილების ნაკლებობით მოსვლოდათ. ძალიან კარგად გააზრებული ნაბიჯები გადადგეს. რაც უბრძანეს, როგორც მორჩილები, ამ ყველაფერს აღასრულებენ. ეს არის დიდი ტრაგედია. თინა ხიდაშელი გუშინწინდელ ნათქვამზე ამბობს, არ მითქვამსო. ტუტანჰამონის დროინდელ საკითხებზე კი არ ვსაუბრობთ, ან ასე იყო, ან ისე. მის განცხადებას ყოველდღე აშუქებენ და იქვეა მისი დაზუსტება, ეს არ მითქვამსო. ასეთი თავხედობა არ მინახავს, ყველა აგენტი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდება, როცა ასე მოიქცევა. სიმართლე უნდა ითქვას, პრინციპული აგენტი გინახავთ? აგენტი აგენტია. რაც დაავალეს, ის თქვეს და ახლა სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა: „არსად მითქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს, ჩემი ამოცანა შესრულებულია, რამე საფრთხე თუ ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ გაარკვევენ“.

რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს“.