თენგიზ შარმანაშვილი - სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო, ვინც სახელმწიფოს უჩივლა და მას ფულს ართმევდა, ნუ ამადლის ქვეყანას, რომ კანონით დადგენილი გადასახადი გადაიხადა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
შარმანაშვილის თქმით, სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო, ვინც სახელმწიფოს უჩივლა და მას ფულს ართმევდა.
„ხაზარაძე ნუ ამადლის ქვეყანას იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადი გადაიხადა. ეს მართლა გავიდა ყველა ჩარჩოდან. ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა საქართველოს? წააგო პარიზის არბიტრაჟი? წააგო. გადაიხადა დაკისრებული თანხა? გადაიხადა. ეს ზრუნავდა სახელმწიფოზე ოდესმე? უაზრო ნარატივი, რამდენი შეიტანესო ბიუჯეტში. მილიონები არა, რაც საშემოსავლო იყო, იმდენი. მერე? რას გვამადლი გადასახადების გადახდას, როდესაც ხელისუფლებასთან გარიგებით შავბნელ სქემებში მონაწილეობდი? სასამართლოს განაჩენით თაღლითური სქემების გამოყენება არ დაუდასტურდა? დაუდასტურდა. ეს არ იტყუებოდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება ხელისუფლების ბრალიაო? მერე რა თქვა ორმა საერთაშორისო არბიტრაჟმა? ტყუისო, ეს თქვა. ჰოდა, ნუ გვამადლი იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადები გადაიხადე რაღაც დოზით. სხვა რას აკეთებდი, ეს საერთაშორისო არბიტრაჟმა და ქართულმა სასამართლომაც დაადგინა. ჯერ ეს არის საკმარისი. სვავი მაინც არ ვყოფილვარ არასდროს“, – წერს შარმანაშვილი.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია“.