თენგიზ შარმანაშვილი - სუს-ის განცხადება დროული იყო, პრევენციულ ხასიათს ატარებს და გაფრთხილებაცაა, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც თუნდაც ასეთი თემის რეალიზაციას ჩაიფიქრებს
სუს-ის განცხადება არაფერს რომ არ ეფუძნებოდეს, კიდევ ვიფიქრებდით, რომ შეიძლება, ზედმეტი თავის გადაზღვევაა, მაგრამ იცით, რომ ორი პირი უკვე დაკავებულია, სადაც არსებობდა ფარული ჩანაწერი, რომლებიც მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, სუს-ის განცხადება დროული იყო.
„ასევე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ზოგიერთ გამოსვლებში და სოციალურ ქსელში წააწყდებით გამონათქვამებს, რომ თუ არა მსხვერპლი, რევოლუციური სიტუაციის აგორება შეუძლებელი იქნებოდა. სუს-ის ეს განცხადება ამ რეალობას ეფუძნება და მათ აქვთ ამაზე მეტი ინფორმაცია, მაგრამ ეს დამატებითი ინფორმაცია რომც არ ჰქონდეთ, ჩვენ თვალწინაა. ისინი ამისკენ მიისწრაფვიან და ამ თემაზე საუბარს არც მალავენ. სუს-ის განცხადება დროული იყო, ეს პრევენციულ ხასიათს ატარებს და გაფრთხილებაცაა, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც თუნდაც ასეთი თემის რეალიზაციას ჩაიფიქრებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას“.