თენგიზ შარმანაშვილი - სიძულვილის ენა საზოგადოებაში არნახულ პოლარიზაციას იწვევს, შსს კონკრეტული მიმართულებით რა ცვლილებას განახორციელებს, ეს მისი საქმეა, მსგავსი რეგულაციები აამოქმედა ამერიკამაც
სიძულვილის ენა საზოგადოებაში არნახულ პოლარიზაციას იწვევს და შემდეგ ძალადობაში იზრდება ხოლმე, რეგულაციები აამოქმედა ამერიკამაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, შსს კონკრეტული მიმართულებით რა ცვლილებას განახორციელებს, მისი საქმეა, რათა კანონის აღსრულება უფრო ეფექტურად მოხდეს.
„კანონმდებლობაში ცვლილება არ შედის. კანონმდებლობა უკვე მოქმედებს და ახლა ორგანიზაციული საკითხია იმის დაზუსტება, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინ გაუწევს კოორდინაციას და ვინ იქნება წამყვანი ქვედანაყოფი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს. ეს არის ორგანიზაციული საკითხი. საკანონმდებლო ცვლილებები რომ მოჰყოლოდა, სხვა იქნებოდა. შსს კონკრეტული მიმართულებით რა ცვლილებას განახორციელებს, ეს მისი საქმეა, რათა კანონის აღსრულება უფრო ეფექტურად მოხდეს. სასამართლოს პრაქტიკის საქმეა, სად გაივლება ზღვარი. მთელ მსოფლიოში ეს საკითხი სასამართლოს მიერ რეგულირდება. ეს პრაქტიკა დაინერგება ეროვნული სასამართლოს მიერ – თუ გასაჩივრდება, მაშინ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ. ზღვარი გაივლება სასამართლო ხელისუფლების მიერ, დანარჩენი – სპეკულაციაა. ამ ყველაფრის მიზანი იგივეა, რაც ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც კანონმდებლობა მოქმედებს. მსგავსი რეგულაციები ამერიკამაც აამოქმედა. სიძულვილის ენა საზოგადოებაში არნახულ პოლარიზაციას იწვევს და შემდეგ ძალადობაში იზრდება ხოლმე. კრიტიკა და ოპონირება დასაშვებია, მაგრამ პროცესი იქამდე არ უნდა მივიდეს, როდესაც ადამიანებს ძალადობრივი ანგარიშსწორების მიმართულებით ერთი ნაბიჯი აშორებთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
18 მაისს ცნობილი გახდა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.