თენგიზ შარმანაშვილი - საკონსტიტუციო სარჩელზე კიდევ ერთხელ გავივლით მოსაზრებებს, თუ ჩაითვლება, რომ რაღაცებია დასაზუსტებელი, ის შემთხვევა არ არის, რომ ოთხი-ხუთი დღე ან ერთი კვირა რამეს გადაწყვეტს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე კიდევ ერთხელ წარადგენენ თავიანთ მოსაზრებებს.
შარმანაშვილის თქმით, უმრავლესობა თუ ჩათვლის, რომ დოკუმენტში გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, ეს ასეც მოხდება.
„დღეს, 18:00-საათზე გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე ჩვენს მოსაზრებებს კიდევ ერთხელ გავივლით. თუ ჩავთვლით, ის იმდენად სრულყოფილია, რომ შევიტანოთ – შევიტანთ. უმრავლესობის მიერ თუ ჩაითვლება, რომ კიდევ რაღაცებია დასაზუსტებელი, ეს ის შემთხვევა არ არის, რომ ოთხი-ხუთი დღე ან ერთი კვირა რამეს გადაწყვეტს. პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არავის სჭირდება, როცა საქმე სამართალთან გვაქვს. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის დასკვნა და ყველა მითითებული ფაქტი მტკიცებულებით არის დამტკიცებული, ასე უნდა იყოს ეს სარჩელიც. იმის გამო, რომ სასწრაფოდ რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, სამართლებრივი მხარე არ უნდა დაზიანდეს. მიტინგზე არ მივდივართ, სასამართლოში მივდივართ. თავს „ნაციონალებივით“ არ ჩავიგდებთ – ასეთი ნარატივებით სტრასბურგში წავლენ და დავას წააგებენ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, სასამართლოში სამართლებრივი დოკუმენტით მივალთ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.