თენგიზ შარმანაშვილი - სახელმწიფო ვეღარ იარსებებს, თუ თქვა, შეგიძლიათ, შემოიჭრათ დაწესებულებებშიო, ეს მათმა პატრონებმაც უნდა გაიაზრონ, მათთანაც დაიჩოქებს აქლემი, რადგან რადიკალები მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში არ არიან
მოძალადეები თუ გაიაზრებენ, რომ ძალადობრივი ქმედებები არ არის მისაღები და კანონსაწინააღმდეგოა, ბევრი ჰუმანური აქტი, შეიძლება, თეორიულად განხორციელდეს საქართველოში, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ამ უკანონობის გზა უნდა გააგრძელონ და თურმე ეს გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„პარლამენტს რომ ცეცხლს უკიდებ, გამოხატვის თავისუფლებაა, პრეზიდენტის სასახლეში რომ შევარდნას დააპირებ, თურმე ესეც გამოხატვის თავისუფლებაა. ასე თუ გააგრძელებენ, არაფერი მოხდება. ამას ვეუბნებით აქაურ რადიკალებსაც და მათ პატრონებსაც. ვინმე თუ გვეტყვის ისევ არგუმენტებით, რომ X პიროვნება გამოხატვის თავისუფლებისთვის არის დასჯილი, მაშინ კი ბატონო, მართლები იქნებიან, მაგრამ თან არ აფასებდნენ ამ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და ასობით პოლიციელის გადაყვანას ჰოსპიტლებში მათი ძალადობრივი ქმედებების გამო, თან პოლიტპატიმრებს ეძახდნენ და ჩვენ მოგვიწოდებდნენ, ასე არ გამოვა. მათ კარგი მაგალითი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მისცა. ეს ნაბიჯები გადადგან და დამერწმუნეთ, ბევრი უფრო სერიოზული ნაბიჯი იქნება გადადგმული სახელმწიფოს მხრიდანაც, სხვანაირად არ გამოვა. სახელმწიფომ თუ თქვა, რომ თავისუფლად შეგიძლიათ, ადამიანებო, შემოიჭრათ ოფიციალურ დაწესებულებებში და ცეცხლი გააჩინოთ, ის სახელმწიფო დიდხანს ვეღარ იარსებებს. ამის გამო ვერ მოხდება ეს. ეს მათმა პატრონებმაც უნდა გაიაზრონ. მათ ეზოსთანაც დაიჩოქებს აქლემი, რადგან რადიკალები მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში არ არიან, მათ ქვეყნებშიც არიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.