თენგიზ შარმანაშვილი - საკანონმდებლო ნაბიჯებს ვიდრე გადავდგამთ, ალბათ საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და არგუმენტაციის მოსმენა
თენგიზ შარმანაშვილი - საკანონმდებლო ნაბიჯებს ვიდრე გადავდგამთ, ალბათ საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და არგუმენტაციის მოსმენა

საკანონმდებლო ნაბიჯებს ვიდრე გადავდგამთ, ალბათ საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და მისი არგუმენტაციის მოსმენა. ქადაგებას როცა ისმენ, იქ საშუალება არ გაქვს, რაიმე კითხვა დაუსვა, მოსაზრება დააზუსტო და მისი არგუმენტები ბოლომდე გაიგო. რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი გასაგებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ეკლესია არ არის პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რაღაც იდეებს ქადაგებს, ის არის რწმენასთან დაკავშირებული უზარმაზარი, 1700-წლოვანი ისტორიის ორგანიზაცია, სადაც პრინციპები არ იცვლება.

„შეიძლება, დღეს ადამიანებს შორის ერთი რამ იყოს პოპულარული, ხვალ – მეორე, ზეგ – მესამე, მაგრამ იქ ასე არ არის. რწმენისადმი დამოკიდებულება მკვეთრად განსაზღვრულია. ზოგს უკვირს და ხანდახან მყიფედ და რადიკალურად მოეჩვენებათ ამა თუ იმ საკითხზე ეკლესიის განცხადება, მაგრამ ამას ასე არ უნდა შეხედო. ეს შეხედულება და რწმენის საკითხები ქართველებისთვის, 1700 წელია, უცვლელია. აქამდე თუ მივა საქმე, რომ რაღაც საკანონმდებლო რეგულაციებზე სერიოზულად ჩამოვარდება საუბარი, ვისურვებდი, უშუალო შეხვედრა მომხდარიყო, რათა ეს არგუმენტები ბოლომდე გაგვეზიარებინა ან არ გაგვეზიარებინა, ან კითხვები დაგვესვა. საკანონმდებლო პროცესი თავის წესს მოითხოვს და, რა თქმა უნდა, ის თვითონ ვერ დააინიცირებს ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე – ისევ დეპუტატების ან მთავრობის დასაინიცირებელია. ამ ინიციატივაზე ადამიანი ვიდრე წახვალ, რა თქმა უნდა, ინიციატორისგან ყველაფერი დაწვრილებით უნდა მოისმინო. ამ შემთხვევაში ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის აზრი იმდენად საინტერესო არ არის და ეს მსჯელობა თუ დაიწყება, პარტიის შიგნითაც, ფრაქციის შიგნითაც შეხვედრები გაიმართება და არგუმენტებს იქაც მოვისმენთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეზე განაცხადა: „მოგვცეს მადლი უფალმა, ვიზრუნოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, უარი კი არ უნდა ვთქვათ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ოჯახში თუ ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი“.