თენგიზ შარმანაშვილი - საარჩევნო ყუთთან ვინც მიდის, ნათლად უნდა იცოდეს, ხმას რატომ აძლევს, ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეთ უცხო ძალებს, უცხო სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფებიან
თენგიზ შარმანაშვილი - საარჩევნო ყუთთან ვინც მიდის, ნათლად უნდა იცოდეს, ხმას რატომ აძლევს, ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეთ უცხო ძალებს, უცხო სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფებიან

საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა, არ უნდა განიცდიდეს უცხო ქვეყნისა და უცხო ძალების ზემოქმედებას. მან საკუთარი გადაწყვეტილება თავისუფალ გარემოში უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე დაუსვეს კითხვა.

„კარგად გესმით, რომ ხმების ის რაოდენობა არ არის, რომელიც, ოპოზიციას რომ ჰქონოდა, რაიმე სურათს შეცვლიდა. საუბარია პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ არჩევანი გაცნობიერებული უნდა იყოს. ანუ, ვინც საარჩევნო ყუთთან მიდის, ნათლად უნდა იცოდეს, ხმას რატომ და რისთვის აძლევს. მასზე კი ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეთ უცხო ძალებს და უცხო სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფებიან. საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა, არ უნდა განიცდიდეს უცხო ქვეყნისა და უცხო ძალების ზემოქმედებას. მან საკუთარი გადაწყვეტილება თავისუფალ გარემოში უნდა მიიღოს. ოპოზიციას ასივე პროცენტი რომ დავუწეროთ, თუ სურათს რადიკალურად შეცვლის, შემდეგ ვისაუბროთ. მოწყვლადია ის ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს და მასზე გავლენის მოხდება უცხო ქვეყანას შეუძლია. მსოფლიოში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ბაღდათში, ყუთში ბიულეტენი თუ ჩააგდო, ამას ლონდონში როგორ გაიგებენ? შეუძლებელია დადგენა, ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში როგორ მოიქცა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა. „ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.