თენგიზ შარმანაშვილი – სააკაშვილსა და გვარამიას დავალება აქვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქრი მივატოვოთ და ეს მტკივნეული საკითხი ჩამოვიშოროთ, ვერ ეღირსებიან

13:07, 02.09.2026

ყველას უნდა ესმოდეს, რომ მართალია მშვიდობიანი გზით, მაგრამ დეოკუპაციას მივაღწევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება არამხოლოდ „დიფ სთეითის“ დავალებით ხდება, არამედ ეს აწყობს რუსეთსაც.

„ჯერ გვარამიამ გაახმაურა, რომ თურმე, ეს იარააა, რომელიც უნდა მოვიშოროთ, ახლა იგივე სააკაშვილმა გაიმეორა ცოტა სხვა ფორმით. როგორც ჩანს, დავალება აქვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქრი მივატოვოთ. მათ დავალება აქვთ, რომ

ქართველებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი ვთქვათ და ეს მტკივნეული საკითხი ჩამოვიშოროთ, რასაც ვერ ეღირსებიან. ქართველი ხალხი კარგად ხვდება, ამ საკითხის გადაწყვეტა როგორ „ლამაზად“ უნდათ და როგორ სურთ, უარი გვათქმევინონ.

ეს არა მხოლოდ „დიფ სთეითის“ დავალებით ხდება, არამედ რუსეთსაც აწყობს. სხვას რუსეთის საგარეო სამინისტრო რას ამბობს? – ახალ რეალობას შევეგუოთ და ამ საკითხებზე უარი ვთქვათო, რითაც თურმე, რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდება და დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება. ეს არ მოხდება, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მართალია მშვიდობიანი გზით, მაგრამ დეოკუპაციას მივაღწევთ. 2008 წელს, სააკაშვილმა დავალება შეასრულა, როცა რუსეთის პროვოკაციას აჰყვა და ის გააკეთა, რაც გააკეთა. ქართველ ჯარისკაცებს ბრალს სდებდნენ, იცით, ეს ცნობილი რეზოლუცია. რა დავალებაც მოსდიოდა, იმას ასრულებდა. ახლაც იმავეს აკეთებს. ეს დავალება განგრძობადია და მუდმივად ასრულებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში, აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს“.

მსგავსი