თენგიზ შარმანაშვილი – სააკაშვილს ეტყობა, აგიჟებენ, ეუბნებიან, მზად ვართ, პატარა ნაპერწკალი უნდა და აქ ყველაფერი დაინგრევაო, სააკაშვილს ეს თუ სჯერა, კამერაში ოცნება გააგრძელოს
მიხეილ სააკაშვილმა ჯერ თავის პარტიას მოუაროს. ეტყობა, აგიჟებენ და ეუბნებიან, მზად ვართ, პატარა ნაპერწკალი უნდა და აქ ყველაფერი დაინგრევაო. სააკაშვილს ეს თუ სჯერა, საკანში ოცნება გააგრძელოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს პარტიის შიგნით სიტუაცია ვერ დაულაგებია.
„ქიშპობას თავი დავანებოთო, კაცი ამბობს, რომელმაც თავის ყოფილ თანამებრძოლებზე უკანასკნელი სიტყვებით ილაპარაკა. გვარამია, მელია და სხვები ლამის აგენტებად გამოაცხადა. გვარამიას დააბრალა, რომ ხელისუფლებასთან შეკრულია და ფული აიღო. სხვებზე სხვა რამე თქვა. უცებ მოტრიალდა და ამბობს, ქიშპობას თავი დავანებოთო. შე დალოცვილო, ადამიანებს აგენტს ეძახი და ქიშპობას თავი დავანებო ნუღარ ამბობ. სააკაშვილს სიტუაცია პარტიის შიგნით ვერ დაულაგებია, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითდაღუპვას აუცილებლად მოახდენს. პარლამენტის თავმჯდომარემ ტყუილად არ იხუმრა, მგონი, საკონსტიტუციო სასამართლოს დაასწრებენ და საკუთარი პარტიის ლიკვიდაციას მოახდენენო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმათავისუფლებელი პლატფორმა ყველა ძალის გაერთიანებით მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება, წინსვლა და პროგრესი. მოვუწოდებ ყველას ოპოზიციური კოლეგებიდან, დავანებოთ თავი კბენებს, ინტრიგებს, სხვადასხვა რაღაცას, მით უმეტეს, ჩემთან ქიშპობას“.