თენგიზ შარმანაშვილი - როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ქუჩის ოპოზიცია ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს, ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ აქვთ და პრაგმატულობამ მოიმატა
თენგიზ შარმანაშვილი - როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ქუჩის ოპოზიცია ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს, ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ აქვთ და პრაგმატულობამ მოიმატა

უკრაინის ხელისუფლება, რომელიც მხარს უჭერდა აქაურ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მათ ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი არ აქვთ. ამაში როცა დარწმუნდნენ, პრაგმატულობამ მოიმატა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

„კარგად იციან, რომ სიმართლე არ იყო, რაშიც ბრალს გვდებდნენ. საქართველო 700-ზე მეტ რეზოლუციას შეუერთდა და ქვეყნის მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ. დარწმუნდნენ, რომ ქუჩის ოპოზიცია ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს და პრაგმატიზმს მიჰყვებიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს. უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.