თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციურ პარტიებს ჩვენზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ, ჩვენ პოლიტიკურად არ მოვწონვართ, მაგრამ ერთმანეთს თავიანთი პატრონების მიერ გამოყოფილ ლუკმას ედავებიან
ოპოზიციურ პარტიებს ერთი პატრონი ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად დირექტივისა, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშავილმა განაცხადა.
„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ს გაძარცვაზე პროკურატურამ ბრალდება წაუყენა და გაასამართლა, ერთი ამბავი ატეხეს, პოლიტპატიმარიაო. ახლა თავადვე ამბობენ, რომ თურმე გაგვძარცვესო. ეს ხალხი უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული და მომართულია. როგორც ჩანს, იქაც სხვადასხვა წრეა და სხვადასხვა წრეს გადაკიდებული და მათგან მართული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს ადამიანურად ვერ იტანენ. ერთი პატრონი ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დირექტივა მიუვათ, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად. რამდენი ხნის წინ გითხარით, რომ ისინი ერთმანეთთან ვერ გაძლებენ, დაიშლებიან და ერთმანეთს დაჭამენ. შეკრებილან სერიოზულად?! რა თქმა უნდა, არა. ახლა იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ერთმანეთს პოლიტიკურად არ ეთანხმებიან, ნახეთ, ბრალს ერთმანეთს რაში დებენ. ერთი ამბობს, ამდენი ფული რომ მქონდეს, გიყიდიდი და რასაც მინდა, იმას გაგიკეთებდი; მეორე ამბობს, რომ შენ ფული გაქვს აღებული და სული გაქვს მიყიდული. რა თემებზე ლაპარაკობენ, პოლიტიკურ თემებზეც არ საუბრობენ. ერთმანეთს დებენ ბრალს, რომ ორი კაპიკის გამო გამყიდველები და შიდა დისონანსის შემტანები არიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, პატრონებს დაუმტკიცოს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა თავადაა და თანხებიც მას უნდა გადაურიცხონ, დავაც სწორედ ამაზეა.
„ყველას უნდა, თავის პატრონებთან დააფიქსიროს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა თვითონაა. ეს თანხები, რომელიც იქიდან მოდის, უკვე შეზღუდულია, აქ მარტივად ვეღარ აღწევს. პატრონებს ეუბნებიან, რომ იმას კი არ მისცე, მე ვარ მთავარი ძალა და მე მომეციო, ომი ამაზეა გაჩაღებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძაფრ ოპონირებას ვუწევთ, ჩვენზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ, რადგან თენგიზ შარმანაშვილი და ლევან მაჭავარიანი იმ დაფინანსებაში მათი კონკურენტები არ არიან. მათ პოლიტიკურად რომ არ მოვწონვართ, ეს დიდი არაფერია, მაგრამ ისინი ერთმანეთს იმ ლუკმას ედავებიან, რომელიც გამოყოფილია. ამიტომ ჩემზე და სხვებზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.