თენგიზ შარმანაშვილი - მნიშვნელოვანია, ღია პლატფორმაზე განვიხილოთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას მიაჩნია, რომ პრობლემურია
მნიშვნელოვანია, რომ ღია პლატფორმაზე განვიხილოთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას მიაჩნია, რომ პრობლემურია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ეუთო-ს ეგიდის ქვეშ ხდებოდა მთავარი დაკვირვება ამ არჩევნებზე და ერთეული შემთხვევებია მხოლოდ გამოვლენილი დარღვევებისა, რომელიც არ ითვლება მძიმე დარღვევებად, ამაზე უფრო მძიმე დარღვევები გამოუვლენია ეუთო/ოდირს სხვა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ასე რომ, ეუთო-ს ხალხთან ლაპარაკი უფრო ადვილი იქნება, რადგან მათი დამკვირვებლების დასკვნა არის უკვე მაგიდაზე დადებული და, რა თქმა უნდა, ღიად უნდა ვილაპარაკოთ“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.
რაც შეეხება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ ოპოზიციონერების წერილს, შარმანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოს იზოლაციაში მოქცევა სურთ.
„ეს იმავე საკითხების გაგრძელებაა, კაბინეტებში რომ დარბოდნენ ბრიუსელში და ეხვეწებოდნენ, ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ საქართველოსთვის. შემდეგ იგივე ხალხი დარბოდა იმავე კაბინეტებში და თხოვდნენ, რომ იქნებ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს თავისი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნების გამო. ახლა დადიან და უნდათ, რომ იზოლაციაში მოაქციონ საქართველო. საქართველო და არა „ქართული ოცნება“, რადგან ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევა შენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. რას ითხოვენ, ერთადერთ საკითხზე დაელაპარაკეთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოსო და დანარჩენი საკითხების განხილვა ამ ხელისუფლებასთან არ შეიძლებაო. ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ჩვენ მხარს არ გვიჭერს, როგორც ჩანს არც მომავალში დაგვიჭერს და იქნებ თქვენ მოახერხოთ ამ ხელისუფლების ჩაწევა, დამხობა და შემდეგ ჩვენი ხელისუფლებაის მოყვანა ნებისმიერი მეთოდით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხს ეს არ უნდა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.
ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.