თენგიზ შარმანაშვილი - მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი 300 ათასზე მეტია, ჩვენ სწორ მხარეს ვიდექით, ასე რომ, პაპუაშვილმა სწორად შეახსენა, ჰერჩინსკი არაფერს უპასუხებს, რა უნდა უპასუხოს?
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებიდან მხოლოდ ქართველი 300 ათასზე მეტია, ჩვენ სწორ მხარეს ვიდექით, ასე რომ, შალვა პაპუაშვილმა სწორად შეახსენა. რა უნდა უპასუხოს ჰერჩინსკიმ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
თენგიზ შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი ღია წერილზე, სადაც პაპუაშვილმა აღნიშნა: „გასულ წელს თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა, თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა, არც ევროკავშირი იარსებებდა“.
„მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებიდან მხოლოდ ქართველი 300 ათასზე მეტია. ფაქტობრივად, ყოველი მეათე ადამიანი დაიღუპა. ასეთი სისხლი გვაქვს ქართველებს ფაშიზმის დამარცხებაში გაღებული, ამიტომ ფაშიზმის განადგურებაზე წელში გამართულები ვსაუბრობთ. ჩვენ სწორ მხარეს ვიდექით. ასე რომ, შალვა პაპუაშვილმა სწორად შეახსენა და სხვა რამესაც სწორად ახსენებს. ჰერჩინსკი არაფერს უპასუხებს, რა უნდა უპასუხოს?! ან მორიგ დემაგოგიურ განცხადებას გააკეთებს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ჰერჩინსკი ბრიუსელის დავალებას ასრულებს.
„ელჩი ვიყავი და ვიცი, როგორ ხდება. შენ რაღაც ისეთი თუ გააკეთე, რომელიც შენს ცენტრს არ მოეწონება, იმავე დღეს გაცნობებენ, რომ ეს აღარ გააგრძელო და შეწყვიტო. როცა ერთსა და იმავეს აკეთებ ორი წლის განმავლობაში და ცენტრი არ გაჩერებს, ეს დავალება იქიდან მოდის, შენი ინიციატივა აღარ არის. ევრობიუროკრატია რასაც აკეთებს და ახალისებს, დესატაბილიზაციას საქართველოში, ევროკავშირის ელჩი აქ იმას ახმოვანებს. ისინი რიტორიკას არ იცვლიან, შესაბამისად, არც ჰერჩინსკი შეიცვლის რიტორიკას. ის უფროსებს დაუჯერებს და მათ დავალებას შეასრულებს. ევროკავშირი დიალოგის დაზიანების პოლიტიკას გააგრძელებს. რესურსი ჩვენი მხრიდან არის და ვეუბნებით, მაგრამ მათი მხრიდან ვერ ვხედავთ. ვეუბნებით, ნებისმიერ ნაბიჯზე მზად ვართ და ისინი შავი ზღვის აუზზე საქართველოს გარეშე ლაპარაკობენ. ადამიანის უფლებებზე გვედავებიან და შეხვედრას, რომელიც თვითონვე დანიშნეს, თვითონვე აუქმებენ. არანაირი აზრი თავში არ უტრიალებთ, გარდა საქართველოში რევოლუციის მოწყობისა და მისი წახალისების. რას უნდა ველოდოთ ასეთი ხალხისგან? კარგს არაფერს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.