თენგიზ შარმანაშვილი - მამუკა ხაზარაძემ კარგად იცის, რომ კომერციული საიდუმლოების დარღვევა, შესაძლოა, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, მათი მიზანი „იგლ ჰილსის“ პროექტის ჩაშლაა
ირაკლი კობახიძემ, არაბულ მხარესთან შეთანხმებით, ძირითადი პარამეტრები განმარტა, სხვა დეტალების გასაჯაროება ხელშეკრულებას საფრთხეს შეუქმნიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხარის თანხმობის გარეშე კომერციული საიდუმლოების გასაჯაროება, შეიძლება, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.
„მამუკა ხაზარაძისთვის ყველაფერი კომიკურია, რაც სამყაროში ხდება. მან, როგორც ბიზნესმენმა, კარგად იცის, რომ საქართველო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს თუ დაარღვევს და მხარის თანხმობის გარეშე გაასაჯაროებს კომერციულ საიდუმლოებას, ეს, შეიძლება, ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, ამისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. თორემ კარგად იცის, კომერციული საიდუმლოება რა არის. პრემიერ-მინისტრმა, არაბულ მხარესთან შეთანხმებით, ძირითადი პარამეტრები განმარტა და გასაჯაროვდა, რა რაოდენობის ბინაზეა საუბარი, რამდენი პროცენტია სახელმწიფოსი და ა.შ. სხვა დეტალების გასაჯაროება ხელშეკრულებას პრობლემას შეუქმნიდა და მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას არ მისცემდა. ეს მიზანმიმართული ნაბიჯია ამ პროექტის ჩასაშლელად, რასაც ისინი ვერ შეძლებენ. მათი მთავარი მიზანია, ეს პროექტი ჩაშალონ, სხვა მიზანი არ გააჩნიათ. მათ ყელზე ადგათ საქართველოში ამ რაოდენობის ინვესტიციების შემოსვლა, ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.