თენგიზ შარმანაშვილი - კორუფციის, ადამიანის უფლებათა მხრივ მოლდოვასა და უკრაინას აქვთ კატასტროფული ვითარება, ანგარიშიდან საერთოდ ამოიღეს ეს თავები, რაც დემოკრატიის იგნორირებაა
კორუფციის, ადამიანის უფლებების მიმართულებით მოლდოვასა და უკრაინას კატასტროფული ვითარება აქვთ და ამის შესახებ ანგარიშიდან საერთოდ ამოიღეს თავები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე მუხლები ამოიღო.
შარმანაშვილის თქმით, ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის იგნორირება.
„ანგარიშში საუბარი არ არის კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე. ამ მიმართულებით მოლდოვასა და უკრაინას კატასტროფული ვითარება აქვთ. ეს ჩვენი შეფასებები არ არის და კვლევები არ ჩაგვიტარებია. მათივე შეკვეთილი გამოკვლევებით არის არა ცუდი და არასახარბიელო, არამედ კატასტროფული ვითარება. წარმოიდგინეთ, რა გააკეთეს? ანგარიშიდან საერთოდ ამოიღეს ის თავები, სადაც კატასტროფული ვითარებაა. ეს არის მიდგომა, რომ ტყუილს დაამკვიდრებენ ნებისმიერი მეთოდოლოგიით და პასუხს ვერავინ მომთხოვთ. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის სრული იგნორირება. როგორ შეიძლება ქვეყნების სეგრეგაცია, რომ რაღაცას მოითხოვენ და შენ პასუხი არ გქონდეს. ეს არის დამოკიდებულება, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ისევ თავიანთი კვლევები შეადარონ ერთმანეთს და სრული სურათი ექნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.