თენგიზ შარმანაშვილი - ხაბეიშვილი ცუდი მოწაფეა, კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში ვერ იხედება და შეცდომებით იწერს, ოპოზიცია, პოლიტიკური მოდიდან გამომდინარე, ნიშის დაკავებას ცდილობს
ლევან ხაბეიშვილის წერილი ვნახე. ცუდი მოწაფეები კარგი მოწაფეებისგან სკოლაში დავალებას იწერენ ხოლმე, ცალი თვალი იქით აქვთ. ხაბეიშვილი ჩვენგან ასე თუ გადმოიწერდა ყველაფერს, არ ვიცოდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, „ოპოზიცია, პოლიტიკური მოდიდან გამომდინარე, ნიშის დაკავებას ცდილობს“.
„თან ტყუილებს ამბობს. გახსოვთ, როცა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე კონსტიტუციაში ვწერდით, მისი პარტია რა დღეში იყო. ამბობდნენ, რომ ეს აქტუალური არ იყო. მეორე ტყუილია ის, რომ ევროკავშირში არის ქვეყნები, რომელთაც ეს უწერიათ და თავი დაიცვეს. ეს პოლონეთსაც ეწერა, მაგრამ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაარეგისტრიროს, მიუხედავად იმისა, შიგნით რა კანონმდებლობა გაქვსო. პოლონეთი იძულებული გახდა, ეს ქორწინება დაერეგისტრირებინა და ქორწინება დაეწყო. არავინ არ დაგიდევს სუვერენულ უფლებებს, ევროპაში ამ მიმართულებით ისე წაიყვანეს საქმე, რაც გულდასაწყვეტია. რუსეთთან დაკავშირებით რაც გვაქვს, რაციონალური პოლიტიკა არ არის? ამიტომ გეუბნებით, რომ ცუდი მოწაფეა და კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში ვერ იხედება და შეცდომებით იწერს. ჩვენ პოლიტიკა ნიშის დასაკავებლად კი არ გვაქვს, არამედ ასე ვფიქრობთ, ჩვენი შინაგანი რწმენაა. პოლიტიკური მოდიდან გამომდინარე, ნიშის დაკავებას ცდილობს ოპოზიცია. მათ ჰგონიათ, პოლიტიკიდან გადავა, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ და სხვაზე გადავეწყობით. იმიტომ აგებენ, რომ ნიშების დაკავებას ცდილობენ. ნიშების საძებნელად იდეოლოგიას იცვლიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა მისი წერილი. როგორც ხაბეიშვილი წერილში აღნიშნავს, „საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა“. ხაბეიშვილი ასევე წერს: „ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას“.